საეკლესიო კალენდარი: 26 თებერვალი

© photo: Sputnik / Stringerბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 თებერვალს ღირს მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ევლოგის, და სერბეთის მეფე სვიმეონ მირონმდინარეს იხსენიებს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მარტინიანე, ზოია და ფოტინე
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი ღირსი მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს ხსენების დღეა.
მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა.
ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მისი ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: „გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ აღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.
დამწვრობათაგან განკურნებული მარტინიანე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და აქ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანძილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.
ზესტაფონი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2024
საეკლესიო კალენდარი: 25 თებერვალი
ერთხელ, ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და სამგზავრო ხომალდი დაიღუპა. მის ნამსხვრევს ჩაჭიდებული ასული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მოაგდო. მარტინიანე დაეხმარა მას ნაპირზე გამოსვლაში და უთხრა: „დარჩი აქ, აი, პური და წყალი, ორი თვის შემდეგ კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოყვანა. ამ დღიდან მარტინიანე მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, იატაკზე გაწვა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა, დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.
ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა აქ განმარტოვებით , შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა. ეპისკოპოსმა სამღვდელო დასთან ერთად იგი პატივით მიაბარა მიწას.
ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ევლოგი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი ღირსი ევლოგის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა.
ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი VI საუკუნის მოღვაწე იყო. იგი თავდაპირველად მაცხოვრის შობის იუსტინეს სავანეს წინამოძღვრობდა ანტიოქიაში, შემდეგ კი ალექსანდრიის კათედრაზე აღასაყდრეს. ახალ ხარისხში 27 წლის მანძილზე დაუცხრომლად იბრძოდა სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ. ცნობები ევლოგის მოღვაწეობის შესახებ დაცულია ღირსი მამის, გრიგოლ დიოლოღოსისადმი მიმართულ წერილებში.
წმიდა ევლოგი 607 ან 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქი ფოტის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნებოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ.
ჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2024
საეკლესიო კალენდარი: 24 თებერვალი
სვიმეონ მირონმდინარე
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი სვიმეონ მირონმდინარის, სერბეთის მეფის ხსენების დღეა.
სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთში XII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი მთავარი იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუპოვა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის თუ სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათონს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს - ღირს საბას (ხს. 12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. საბამ მამის ნეშტი გადმოასვენა და მდინარე სტუდენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0