„ვივამედის" გენდირექტორი: სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
ნადირაძის განმარტებით, არავის შეუძლია იმის დამტკიცება, რომ სააკაშვილი იყო მოწამლული
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა, რაც არაერთი კლინიკური კვლევით დადასტურდა, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
სააკაშვილი თბილისში 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს. დაკავებიდან დღემდე ექს-პრეზიდენტმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედშია," სადაც მკურნალობის კურსს გადის.
 
2023 წლის აპრილში „ლიმბახის" გერმანულმა ლაბორატორიამ უარყო სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია. მძიმე ლითონებით მოწამვლის თაობაზე განცხადება არაერთხელ გააკეთეს როგორც თავად სააკაშვილმა, ისე დაცვის მხარის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტებმა.
„კატეგორიულად უარვყოფთ მოწამვლის ფაქტს და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით. არანაირი მოწამვლა არ ყოფილა, ამას ვერავინ დაადასტურებს, მათ შორის ვერც მათი მოწვეული ექსპერტები, ჩვენი გერმანული სკოლაც ამას უარყოფს. პოლიტიკურ თამაშებში ჩვენ არ ჩავერთვებით", - განაცხადა ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილს მოწამვლის დიაგნოზით მკურნალობა არ ჩატარებია, ამიტომაც რომც ვივარაუდოთ მოწამვლა, ნადირაძის განმარტებით, პაციენტი თვითგანკურნებას ვერ შეძლებდა.
„ჩვენ მოწამვლა არ გვიმკურნალებია. ამ დროს თვითგანკურნება არ ხდება. ამა თუ იმ ნივთიერებით მოწამვლის შემთხვევაში არსებობს აბსოლუტურად სხვა კლინიკური, ვიზუალური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოვლინებები. ამ შემთხვევაში ამას ადგილი ჩვენთან არ ჰქონია“, - განაცხადა ნადირაძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ყველა ახალი ამბავი
0