სარჯველაძე: პრეზიდენტს და ოპოზიციას სურთ ხელი შეეშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2024
გამოწერა
ქართული ოპოზიცია და პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებენ, დარწმუნებულია დეპუტატი
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ქართული ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთელს ძალისხმევას დებენ, რათა ამ მთავრობის პირობებში ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი.
„ოპოზიცია, სამწუხაროდ, მიუხედავად ფართოდ გაშლილი ლოზუნგისა, რომ თითქოს ისინი ევროპელები და ევროინტეგრაციის მომხრეები არიან, მთელ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ, რამენაირად, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს. ამას აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამ სვლას აგრძელებენ ახლაც. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია სალომე ზურაბიშვილიც“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველოსთვის დადგინდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას არ გაუჭირდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით არაერთ ახალ ინიციატივას ამზადებს.
მანამდე გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0