კახეთში გზების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

© Roads Department of Georgiaგზის სამშენებლო სამუშაოები
გზის სამშენებლო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
კახეთის მიმართულებით მშენებარე ახალი გზები სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რითაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31-კილომეტრიანი და ბაკურციხე-წნორის 16,6 კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
თბილისი-საგარეჯოს გზის პროექტის ფარგლებში, შენდება ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 35-კილომეტრიან ახალ ჩაქროსნულ მაგისტრალზე, პირველი ოთხკილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა უკვე დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
ამ ეტაპზე თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კილომეტრი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება - აღნიშნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა. ვაზიანის შემოვლითი ოთხკილომეტრიანი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.
რაც შეეხება ბაკურციხე–წნორის 16,6 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტზე მიწაყრილის მოწყობა, სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
გზის ეს მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელსაც სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს. ამჟამად მოქმედი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის, ამიტომ გახდა საჭირო შემოვლითი გზის მშენებლობა.
პროექტის მიხედვით, აშენდება ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა და 6 ხიდი. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია. მისი რეალიზება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და ის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ახალი მონაკვეთი გახდება. ეს გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო).
შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს.
კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე გრძელდება გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0