იუსტიციის სამინისტრო: საქართველოში ირანის მოქალაქეების დისკრიმინაცია არ ხდება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
2023 წელს საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღო ირანის 3.811-ზე მეტმა მოქალაქემ
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ირანის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია ირანის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ, რაც გამოიხატებოდა, თითქოსდა, მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და სხვა უკანონო ქმედებებში.
„მიგრაციულ პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ცხოვრების უფლების მიღების მსურველთა საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, 2023 წელს საქართველოში ბინადრობის ნებართვა ირანის 3.811-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.
რაც შეეხება უარს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან.
„ხსენებული ე.წ. შუამავლები გარკვეული გასამრჯელოს მიღების საფუძველზე იძლევიან ცრუ დაპირებებს, ირანის მოქალაქეებს უმზადებენ ფიქტიურ დოკუმენტაციას და მიზნად ისახავენ სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანას", - განაცხადეს სააგენტოში.
სააგენტომ მოუწოდა ირანის მოქალაქეებს არ ისარგებლებენ მსგავსი არალეგალური სერვისებით და მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე მიმართონ და ინფორმაცია მიიღონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
ყველა ახალი ამბავი
0