QR-კოდით კონკრეტული ძეგლების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ - მერიის ახალი პროექტი

© photo: Sputnikმელიქ-აზარიანცის სახლი
მელიქ-აზარიანცის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე უკვე განთავსებულია სპეციალური QR-კოდი, რომლის წყალობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მობილური ტელეფონის საშუალებით შეუძლია გაიგოს კონკრეტული ძეგლის ისტორია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პროექტს, რომელსაც მერია ერთი წელია ახორციელებს, ეწოდება SCANTBILISI („დაასკანერე თბილისი"). კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ძეგლების სრული სია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.
„დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი და მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია მომავალშიც გააგრძელებს ძეგლების შენარჩუნებას, განახლებას და რეაბილიტაციას, აღნიშნა კალაძემ.
„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიების წარმომადგენლებს, ისე ხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0