სამი საფრთხე საქართველოსთვის: პაპუაშვილმა განმარტა რა გამოწვევებს გაუმკლავდა ხელისუფლება

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში შეინარჩუნა მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე ყველაფერი გააკეთა სამი ძირითადი საფრთხის - კორონავირუსის პანდემიის, ომისა და ოპოზიციის რადიკალიზმის გასანეიტრალებლად, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნული განცხადება დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე ეპოქალური გამოწვევის გამკლავება მოუხდა.
„მართლაც, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწია მსოფლიო პანდემიის მართვა, საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, და ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი.
„საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე – ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ორი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში ნებისმიერ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას მხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა.
„საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად, ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა", - აღნიშნა სპიკერმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალიზაციის მასშტაბები გაიხსენა, როდესაც არჩევნების ე.წ. გაყალბების პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ. მისი თქმით, მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც უკრაინის კონფლიქტის პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის – გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობაა, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია საკუთარი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
„ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა“, - პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.
ყველა ახალი ამბავი
0