ზურაბიშვილი საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის და ევროკავშირის რეკომენდაციებს, განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსში“ ვეტოს დაადებს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის და პროფესიონალი წევრების არჩევის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და შვიდი წევრი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩიოს პარლამენტმა ან დანიშნოს პრეზიდენტმა, ცხრა წევრი კი პარტიებმა უნდა დანიშნონ.
„როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის განცხადებით, მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის და ევროკავშირის რეკომენდაციებს.
„ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, მიღებული ცვლილებები გამოიწვევს უნდობლობას არჩევნების პროცესისადმი არამხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესებში ცვლილებები შედის >>
„შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.
ყველა ახალი ამბავი
0