საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის 2030 წლისთვის იქნება მზად - მამუკა მდინარაძე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველო 2030 წელს ევროკავშირში შესასვლელად იქნება ყველაზე მზად ვიდრე ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მანამდე გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.
„როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 2030 წელს ევროკავშირი მზად იქნება, რომ მიიღოს საქართველო და ეს საქართველოზეც არის დამოკიდებული, ჩვენ ჩვენი მხრიდან ამაყად და თავისუფლად ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე მზად და უფრო კარგ სიტუაციაში, უფრო მყარად გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველო ევროკავშირის წევრი უკვე 2030 წელს გახდება.
„ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე, ჩვენი პერსპექტივაც ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის არის ძალიან რეალისტური და ძალიან მალე. მაგრამ, ჩვენ ასევე უსამართლო გადაწყვეტილებებიც ვნახეთ, ცალსახად და გადაჭრით არაფრის საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველოსთვის დადგინდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას არ გაუჭირდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით არაერთ ახალ ინიციატივას ამზადებს.
ყველა ახალი ამბავი
0