პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საუკუნის წინ მიღებული კონსტიტუციით

© courtesy of Beka Andria Devnozashviliსაქართველოს პირველი კონსტიტუცია
საქართველოს პირველი კონსტიტუცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 103-ე წლისთავს ულოცავს.
1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო - ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს შეუძლია იამაყოს საუკუნის წინ მიღებული ამ პოლიტიკური დოკუმენტით, რომელიც ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.
მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს.
„საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სრულად იზიარებს თავისი წინამორბედის სულისკვეთებას და 2017 წლის ცვლილებებით სახელმწიფოს მოწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე, ჭეშმარიტად ევროპული დოკუმენტად იქცა. სწორედ ასეთი კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, დაცულ და კანონიერ გარემოს. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.
ყველა ახალი ამბავი
0