საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე აირჩიეს, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კი ნინო წილოსანის კანდიდატურა დასახელდა
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ხელმძღვანელ პოზიციებზე საკადრო ცვლილებები განახორციელა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანმა კი თავდაცვის მინისტრის პოსტები დაიკავეს.
„რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი - უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ვიცე-სპიკერის პოსტზე უმრავლესობა პარლამენტს ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს, რომელიც არის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კადიდატურას.
„ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი პარლამენტის მიერ არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და ჩვენ აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე – ირაკლი-დაჩი ბერაიას კანდიდატურას", - განაცხადა მდინარაძემ..
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0