თბილისში 24 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისში 24 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 18 თებერვალს, ღამის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას გულმკერდის არეში 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაჭრილი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, 33 წლის მამაკაცს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღი უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს კი - 41 წლის მამაკაცს, რომელიც ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დააკავეს, სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში თავის მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა. აღნიშნულმა პირმა ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა მეგობარს, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მას და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო ბრალდებულისა და მოკლულის საერთო მეგობარი - 41 წლის მამაკაცი - რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0