როგორ მიმდინარეობს თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა?

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ზღვა
თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
თბილისის ზოოპარკისთვის, რომელიც 2015 წელს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი გამოიყო.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა აქტიური ტემპით გრძელდება, უახლოეს მომავალში გარე ვოლიერების მშენებლობა დაიწყება, განაცხადა „ბიზნეს-პარტნიორთან“ ინტერვიუში დაწესებულების დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
2015 წლის13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც თბილისის ზოოპარკი ტერიტორია თითქმის მთლიანად გაანადგურა და მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი იმსხვერპლა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენება გადაწყდა. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი ფართობი გამოიყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი და როდის შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას.
„პროექტმა საკმაოდ აქტიური ტემპი აიღო. თუმცა, ამ ეტაპზე არ შემიძლია იმის თქმა, თუ როდის დასრულდება ახალი ზოოპარკის მშენებლობა. უკვე მთავრდება ორი ისეთი მნიშვნელოვანი ექსპოზიციის მშენებლობა, როგორიცაა „აფრიკის სავანა“ და „დიდი მტაცებლები“. ახლა მთავრდება ზამთრის შენობები, რის შემდეგაც დაიწყება გარე ვოლიერების მშენებლობა“, - განაცხადა გურიელიძემ.
მისი თქმით, ორი ვოლიერის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენს - ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით 50 მლნ დოლარია საჭირო.
გარდა ამისა, მიმდინარეობს „მაიმუნების კუნძულის“ მშენებლობა. ვოლიერების მშენებლობის შემდეგ იქ ცხოველების გადაყვანა დაიწყება.
„ზუსტი სურათი ერთ თვეში გვექნება. ჩვენ მშენებლობის საკმაოდ მცირე თანხებით დაწყება მოვახერხეთ“, - აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა.
როგორც გურიელიძემ აღნიშნა, მშენებლობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არქიტექტორები და მშენებლები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, თუმცა მშენებლობის პროცესი არ შეფერხებულა.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა აღნიშნა, ახალი ზოოპარკის სივრცე ბიოგეოგრაფიული რეგიონების მიხედვით დაიყოფა: აფრიკა, კავკასია, აზია (ტროპიკული და მთიანი), სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და ჩრდილოეთ ამერიკა. წელს კავკასიისა და აფრიკის სივრცეების მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც აზიის მშენებლობის დაწყება არის დაგეგმილი.
ზოოპარკი თბილისში 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში ფუნქციონირებს აკვარიუმი და ტერარიუმი.
ქალაქი თანდათანობით ფართოვდებოდა და ახლა საავტომობილო ესტაკადით გარშემორტყმული ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. ზოოპარკის გადატანის საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0