ქადაგიშვილი: „ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის კოალიცია არ სჭირდება

© photo: Sputnikსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება - ეს არის ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლი, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია არ სჭირდება, რადგან, ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვებგვერდ Euractiv-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევისთვის კოალიციური მთავრობაა საჭირო. ეს კი, მისი თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების ეტაპის დასაწყებად.
„გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, დღევანდელი ყველა მონაცემით ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ, რაც შეეხება დარჩენილ ოპოზიციასთან კოალიციურ მთავრობას, ეს მარტივად ნიშნავს ერთადერთ რამეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალ კოალიციურ მმართველობას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება - ეს არის ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლი. მით უფრო, რომ ბოლო გამოკითხვებით, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია.
„ამიტომ, რამენაირად საზოგადოებაში რომ გაზარდონ მოლოდინები, რომ ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, შემოაქვთ ეს სპეკულაციური თემა, რომ კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მხსნელი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია შანსი კოალიციის შესაქმნელად, რადგან მის ჩამოსაყალიბებლად ასევე საჭიროა შესაბამისი ხმები.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევის რეცეპტი დაასახელა>>
„ზოგადად ვიტყვი, კოალიცია, როგორც ასეთი, არანაირი პანაცეა არ არის. ჩვენ თუ გადავხედავთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას, არიან ქვეყნები, სადაც კოალიცია მუშაობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისების წყაროა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებმაც ხმების სულ ცოტა 5% მოაგროვეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური ჩამონათვალი ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება, როდესაც ცესკო პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად ბევრი პარტიისა, პარლამენტში ადგილებისთვის ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და მის მუდმივ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება.
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
ყველა ახალი ამბავი
0