პოლიტიკურად ანგაჟირებული: დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე

© AP Photo / Shakh Aivazovილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგები შეაჯამა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი მოხსენება, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „პრორუსულ ოლიგარქად“ არის მოხსენიებული, არ ასახავს რეალობას და არის პოლიტიკურად მიკერძოებული, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია „პრორუს ოლიგარქად“, რომელიც „ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად საქართველოს ევროკავშირთან და დემოკრატიასთან აშორებს“.
„მქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, მესაუბრა აღმასრულებელ დირექტორთან (ბენედიქტ ფრანკესთან - რედ.). ეს შეფასება, რომელიც მოცემულია კონკრეტულ ანგარიშში და რომელიც ეფუძნება ექსპერტების შეხედულებას, არ ასახავს რეალობას და არის პოლიტიკურად ანგაჟირებული“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
განცხადება ამის თაობაზე დარჩიაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგების შეჯამებისას გააკეთა, რომელზეც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი წარმოადგენდა. წელს რიგით მე-60 კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტ ბენედიქტ ფრანკესთან. როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა. მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონი დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0