საეკლესიო კალენდარი: 18 თებერვალი
CC BY-SA 4.0 / Rati2010 / The Mravaldzari village Georgian orthodox Cathedralწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში
გამოწერა
18 თებერვალს ეკლესია მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახ. 304); წმ. თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696).ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ აღათია ნაირ-ნაირი ტანსაცმლებით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო არანაირ ფანდებზე არ ეგებოდა, ზიზღით უარყოფდა ყოველგვარ სიტკბოებას და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. კვინტიანთან დაკითხვაზე, იგი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, სხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით უჯიჯგნეს მკერდი, შემდეგ კი ჩამოათალეს. საპყრობილეში წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა მარტვილს და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალი მცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტიანს და მოსთხოვეს, შეეწყვიტათ წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. უსჯულო კვინტიანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. როცა იგი წმიდა მოწამის სიმდიდრის დასაუფლებლად ტივით მიცურავდა პანორმისკენ, უეცრად გაავებული ცხენები მისცვივდნენ: ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი დატორა და მდინარეში ჩააგდო.
წმიდა მოწამენი: თეოდულია, ელადი, მაკარი და ევაგრე
წმიდა მოწამე თეოდულია ქალაქ ანაზარვაში ცხოვრობდა რომაელი იმპერატორების, დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (305-311) დროს. ქალაქის მმართველი, პელაგიუსი მეტისმეტი სისასტიკით გამორჩეოდა. მისი მსახურები მთელს ოლქში დაეძებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ, სადაც, მეფის ბრძანების მოსმენის შემდეგ, აიძულებდნენ კერპებისთვის ეცათ თაყვანი. ერთხელ, მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულია.
მან განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ. ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულიას მეძახიან. მე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და არ ვაპირებ ქვას ვცე თაყვანი”.
პელაგიუსი გამძინვარდა, მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით ჯიჯგნეს, მაგრამ, ღვთის მადლით დაცული, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა: „მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომაც გიფარავენ ტკივილებისაგან”.
წმიდანმა უპასუხა: „სად არიან ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე ისინი, რომ პატივი მივაგო!” მოწამე მიიყვანეს ადრიანეს - ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში.
თეოდულიამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰბერა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია.
პელაგიუსს თავზარი დაეცა: თუ კერპის დამსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მიაღწევდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა!
ქალაქის თავი ფეხებში ჩაუვარდა მოწამეს და სთხოვა, აღედგინა ცრუ ღმერთის ქანდაკი, სანაცვლოდ კი ქრისტიანობის მიღება აღუთქვა. თეოდულიამ კვლავ ჰხადა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, თავისსავე ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა თავისი სიტყვა, არამედ უფრო მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს. წამების დროს მმართველთან მივიდა ვინმე ელადი, პატიმართა ზედამხედველი და ითხოვა, მისთვის მიენდოთ თეოდულიას მოქცევა - იმედი ჰქონდა, რომ სახელს გაითქვამდა და ქალაქის თავისგან პატივსაც მიიღებდა.
ელადიმ საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს ქრისტეს ნეტარ სასძლოს – თვით პელაგიუსსაც კი და გადააჭარბა სისასტიკით. თეოდულიამ მხურვალე ლოცვით მოთმინების ძალა გამოითხოვა ღვთისაგან. ღმერთმაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება და წყლულებისაგან განკურნა იგი. მტარვალი შეძრწუნდა, თეოდულიამ კი მას ასე მიმართა: „გახდი ქრისტიანი, და საუკუნო პატივს მიიღებ ცხოველთა და მკვდართა განმკითხველი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფეველში!” ლოცვითა და შეგონებით წმიდანს ელადი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისაკენ მიჰყავდა. ბოლოს უსჯულომ ირწმუნა ქრისტე, აღიარა იგი მმართველის წინაშე და მოწამეობრივი გვირგვინიც მიიღო: უღმრთოებმა მას მახვილით მოჰკვეთეს თავი და სხეული ზღვაში ჩააგდეს.
წმიდა თეოდულია ქურაში დაგზნებულ ცეცხლში შეაგდეს, მაგრამ უვნებელი დარჩა, შემდეგ ტაფაზე დააწვინეს და ადუღებული ფისი, ცვილი და ზეთი გადაასხეს, მაგრამ გახურებული ტაფა ნამსხვრევებად იქცა და ცეცხლით შემუსრა ირგვლივ მყოფნი, მათ შორის ქალაქის თავი პელაგიუსიც, რომელიც საშინელი სიკვდილით აღესრულა, თვით თეოდულიას კი არც ახლა დაშავებია რამე.
ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მათ შორის იყვნენ დიდებულები მაკარი და ევაგრე. წარმართებმა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძეს ქრისტიანთა წამება. მათ კვლავ გაახურეს ქურა და წმიდა თეოდულია, მაკარი, ევაგრე და მრავალი სხვა ქრისტიანი შეყარეს შიგ.
ნეტარი მარტვილები ლოცვაში აღესრულნენ და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრეს.
წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსი
წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში, პოდოლსკის გუბერნიაში. ყმაწვილმა განათლება ღვთის განცხადების მონასტერთან არსებულ კიევის საძმოს კოლეგიაში მიიღო. მისი დასრულების შემდეგ კი კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღიკვეცა თეოდოსის სახელით.
ნეტარი მამა კიეველმა მიტროპოლიტმა დიონისემ კიევის წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად აკურთხა. მალე მან დატოვა ქალაქი და სიმკაცრით განთქმულ შორეულ კრუტიცკის მონასტერს მიაშურა, სადაც მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. წმიდა თეოდოსი, მისი ღრმა განსწავლულობისა და გონიერების გამო, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა.
1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად. წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.
ნეტარი მამა კიეველმა მიტროპოლიტმა დიონისემ კიევის წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად აკურთხა. მალე მან დატოვა ქალაქი და სიმკაცრით განთქმულ შორეულ კრუტიცკის მონასტერს მიაშურა, სადაც მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. წმიდა თეოდოსი, მისი ღრმა განსწავლულობისა და გონიერების გამო, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა.
1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად. წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.
მასალა დამზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით