კალანდარიშვილი: სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა საზოგადოებაში სანდოობას განამტკიცებს

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მივესალმებით ქვეყანაში სადამკვირვებლო მისების ჩამოსვლას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სანდოობის განმტკიცებას, დემოკრატიული ინსტიტუციების მხარდაჭერას, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკო აქტიურად ემზადება არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.
საქართველომ საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია მოიწვია>>>
კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში დამკვირვებლების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულად გახსნილები და თანამშრომლობაზე ორიენტირებულები. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით ყველა გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას, მათი საბოლოო ანგარიშების უზრუნველყოფის მიზნით. სადამკვირვებლო მისიების ქვეყანაში ჩამოსვლა რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ პრევენციებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. ქვეყნის პარლამენტში მანდატების ორი მესამედის მისაღებად პარტიამ ხმების 65-70% უნდა მიიღოს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0