ბომბი ქუთაისი-ბარსელონის რეისზე: სუს-მა ცრუ შემტყობინებელი დააკავა

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა პირი, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გაავრცელა, იუწყება სუს-ი.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა ცრუ ზარი უნგრეთიდან, სხვისი ტელეფონით განახორციელა „ვიზეარის“ სათაო ოფისიდან. აღინიშნება, რომ ტელეფონი ქართულ მობილურ ოპერატორში იყო ჩართული.
„მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა“, — ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ამასთან დაკავებულის ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 331 მუხლით, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, როგორც სუს-ი იტყობინება, აქტიურად გრძელდება გამოძიება სხვა ცრუ შეტყობინების ფაქტებზეც. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა უცხო ქვეყნებიდანაა განხორციელებული.უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამასთან სუს-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი.
ყველა ახალი ამბავი
0