ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ XXII კონკურსი გამოაცხადა

© courtesy of Publishing House SABAპრემია „საბა"
პრემია „საბა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
კონკურსის ფინალისტების ვინაობა ზაფხულში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.
ავტორებმა და გამომცემლებმა წიგნების კონკურში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებ-გვერდზე saba.com.ge.
განაცხადების მიღება 4 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.
კონკურსის პირობების თანახმად, ავტორმა/გამომცემელმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 5 ბეჭდური ეგზემპლარი. კონკურსზე განიხილება წინა კალენდარული წლის განმავლობაში წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ტექსტი (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა, ლიტერატურული კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა) და თარგმანი. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსზე წარდგენილი წიგნი არ უნდა იყოს განმეორებითი გამოცემა, წარმოდგენილი წიგნი უნდა იყოს ამ ტექსტის პირველი გამოცემა.
2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური ცხრა ნომინაციაში გამოავლენს:
1.
საუკეთესო რომანი
2.
საუკეთესო პოეტური კრებული
3.
საუკეთესო პროზაული კრებული
4.
საუკეთესო პიესა
5.
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6.
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7.
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8.
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს მათი გაცნობის საშუალება ექნებათ. წელს კონკურსის ფინალისტების ვინაობა ზაფხულში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები შეაფასა, კერძოდ 5 ათასამდე წიგნი განიხილა, 200-ზე მეტი პრემია გასცა და170-ზემეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ ორჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0