ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება: პაპუაშვილმა შეხვედრა შეაჯამა

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
სპიკერის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციის ნაწილს თავისი პოზიცია ჰქონდა, ეხება პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევას.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მმართველი პარტის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ნაწილს შორის პარლამენტში გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს. „ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„დღევანდელი შეხვედრა 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მიხარია, რომ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. სამი საკითხიდან ერთი, რომელიც სასამართლოებს ეხება, გადავდეთ შემდეგი შეხვედრისთვის. შევეცდებით, რომ ახალი შეხვედრა მალე ჩავნიშნოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერების საკითხებს.
„ამასთან დაკავშირებით რვა საკითხი განვიხილეთ და, ფაქტობრივად, ყველა მათგანზე შევთანხმდით. ასევე საუბარი გვქონდა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, სადაც იყო 17 საკითხი და 15-ზე, ფაქტობრივად, შედგა შეთანხმება", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციის ნაწილს თავისი პოზიცია ჰქონდა, ეხება პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევას.
საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის ხელში გადაწყვეტილებების დაბლოკვის ინსტრუმენტია.
„ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია. ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევამაც გვაჩვენა, რომ კვალიფიციური უმრავლესობა, სინამდვილეში, არის მახინჯი პრაქტიკა. რეალურად არის მცდელობა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა შეიფუთოს როგორც კონსენსუსის მექანიზმი. სინამდვილეში ეს არის გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმი ოპოზიციისთვის და ამ საკითხზე, ცხადია, თანხმობა ვერ გვექნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ხელში კვალიფიციური უმრავლესობა გაუმართლებელია, რის მაგალითადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და სახალხო დამცველის დანიშვნის საკითხი მოიყვანა.
„რამდენ ხანს ბლოკავდნენ. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველის არჩევის ერთადერთი გზა იყო ოპოზიციის წევრის არჩევა და ასე მივაღწიეთ წარმატებას. ჩვენ ოპოზიციაში არ გვყავს იმდენი კვალიფიციური კადრი, რომ ყოველ ჯერზე ამა თუ იმ თანამდებობაზე ოპოზიციის წევრები ავირჩიოთ, თან მათ მიმართ არც თუ დიდი ნდობა გვაქვს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროსათვის საგამოძიებო ფუნქციების მინიჭებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას ოპოზიციის მიერ დაისვა ერთი საკითხი, რომელიც არ არის ვენეციის კომისიის პირდაპირი რეკომენდაცია. ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია აღნიშნულ წინადადებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
ასევე, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს იმუნიტეტის მინიჭებაზე, განიხილეს მამხილებლის დაცვის სისტემის გაუმჯობესების საკითხები, ისაუბრეს დეკლარაციის სისტემის დახვეწაზე და სხვადასხვა საკითხებზე.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც მმართველი პარტია მუშაობდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციონერები მაშინ აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0