კორუფცია დაიწყება - დეპუტატი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ბესელიას შესაძლო დანიშვნაზე

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
2019 წლიდან მსჯავრდებულთა საქმეებს შეწყალების კომისიის ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური განიხილავს
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა გამოიწვევს კორუფციას სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციაში, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების სახელმწიფო კომისიის აღდგენას და მის თავმჯდომარედ ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას დანიშვნას გეგმავს. თავად ბესელია ინფორმაციას კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.
„არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს და თუ მის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშნავს, ეს იქნება კატასტროფა და კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ერთ დროს ბესელია „პატიმრების ბედით ვაჭრობდა“, ამიტომაც იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი ასეთ შეცდომას არ დაუშვებს.
„ბესელია მთელი თავისი ცხოვრება ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. ერთხელ რომ რაღაცას გემოს გაუსინჯავ, მერე სულ გინდა, თან იოლად იშოვება იქ ფული, თუ ღირსება არ გაქვს", - განაცხადა ელისაშვილმა.
პოლიტიკოსი პრეზიდენტს მოუწოდებს კარგად დაფიქრდეს და „ასეთ შარში თავის თავს, ქვეყანას, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნუ გახვევს".
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ბესელიამ ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და იგი ცილისწამებასა და შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი -2"-ის გადაცემა „არჩევანში" 2015 წლის 22 დეკემბერს გააკეთა. დეპუტატი ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის 2013–2014 წლებში საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობდა, ბესელია და იმ დროისთვის პარლამენტის ვიცე–სპიკერი, საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე მანანა კობახიძე „კოკაინის საქმის" ფიგურანტებისადმი არაჯანსაღ ინტერესს იჩენდნენ და მათი გათავისუფლებით იყვნენ დაინტერესებული.
ვინ არის ეკა ბესელია
ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება" სასამართლო რეფორმის სკანდალის ფონზე დატოვა. მისი ურთიერთობა თანაპარტიელებთან 2018 წლის დეკემბერში საბოლოოდ მას შემდეგ გაუარესდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.
სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლებად მიიჩნევიან. როგორც მაშინ ბესელიამ განაცხადა, იგი არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ გუნდს ემსახურებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე იბრძოდა.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყვიტა, ბესელიას დარწმუნება კეთილ ზრახვებში უკვე ვერავინ შეძლო. მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.
2019 წლის თებერვალში ბესელიამ დააინიცირა საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესის 2025 წლის ბოლომდე შეჩერება, ხოლო როცა კანონპროექტი ჩავარდა, მან მმართველი პარტია დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბესელია, „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეში იდგა და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო.
ბესელიას შემდეგ უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა, კობა ნარჩემაშვილმა და ლევან კობერიძემ - შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
შეწყალება
2019 წელს ზურაბიშვილმა შეწყალების წესი შეცვალა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულთა საქმეები, შეწყალების კომისიის ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისმა სამსახურმა უნდა განიხილოს.
შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციის მიერ კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოთხოვნილი მონაცემების საფუძველზე.
შეწყალების შემდეგ მსჯავრდებულს ნასამართლეობა ეხსნება.
შეწყალება არ შეეხება პირს:
რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;
რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;
რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.
ყველა ახალი ამბავი
0