დეპუტატი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება უდრის ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებაში სისტემატურად აცხადებენ, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო დაპირება საქართველოში პენსიების 1 ათას ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება მათ განზრახვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რადგანაც ეს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ 10%-ით ვარდნას, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში, ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! როგორც ჩანს „ლელოს“, ამ ბანკირების ძირითადად შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია. ქვეყანაში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს.
მაჭარაშვილმა პარტია „ლელოს" წინასაარჩევნო დაპირებას წინასაარჩევნო ტრიუკი უწოდა.
„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ეგრეთწოდებული წინასაარჩევნო ტრიუკები", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, თავად პარტია „ლელოს" ლიდერმა, ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას რუსეთთან ეკონომიკური კავშრების გაწყვეტაზე განცხადება არ გაუკეთებია.
„ჩვენ არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს, ეს შეუძლებელია - დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს, რომ ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ჩამოეკიდო", - განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა განაცხადეს, „ლელოს" წინასაარჩევნო დაპირება პენსიების გაზრდის შესახებ მორიგი პოპულისტური განცხადებაა და გაუგებარია, როგორ აპირებს პარტია დაპირების შესრულებას იმ დროს, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.
რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში მეორე ადგილზეა - 2023 წელს რუსეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11,2%-ია. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,3%-ით გაიზარდა.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
ყველა ახალი ამბავი
0