სამეგრელოში შვიდი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

CC BY 2.0 / Sterling College / Axeხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვალში სამეგრელოში შვიდი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში სამართალდამრღვევმა დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი) ამოიღო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს 16 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს. შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0