კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას, სავარაუდოდ, კვლავ წარადგენს

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცვლილებებს მიიღებს საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მომავალ არჩევნებზე თავის კანდიდატურას კვლავ წარადგენს.
9 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლებიც კანონმდებლობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ორეტაპიან პრინციპს დაუბრუნებს. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
„დღეის მდგომარეობით, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ველოდები მოვლენების განვითარებას, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, გამოქვეყნდება და მის საფუძველზე კონკურსი გამოცხადდება, თუმცა ერთი რამ შეიძლება აუცილებლად ითქვას - ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო ინსტიტუცია დიდი გამოწვევების წინაშეა, წინ 26 ოქტომბრის არჩევნებია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
პირველად საქართველოს ისტორიაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია განხორციელდება, აღნიშნა მან.
კალანდარიშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნებს სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაატარებს, ამას მისი თავმჯდომარეობით ჩატარებული არჩევნების შედეგები ადასტურებს.
„უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მომეცა, მათ შორის საერთო მუნიციპალური არჩევნების, სადაც ეუთო-ოდირი დადებითად აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას და არჩევნების ადმინისტრირებას, განსაკუთრებით გაზრდილი გამჭვირვალობის პირობებში. დღეს ინსტიტუციის მიერ განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოება ცესკოს წარმატებული მუშაობის თვალსაჩინო მაგალითის მომსწრე ხდება, იწყება კომისიის წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანიები, რომელთა მიზეზია ცესკოს მიმართ ნდობის დაკარგვა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განმარტა, მისი მიზანია - ცესკოს მიერ დაწყებული მუშაობის დასრულება, და ის მოხარული იქნება, თუ მას ასეთი შესაძლებლობა მიეცემა.
თავმჯდომარის საკითხი
ამჟამად საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი კვლავ იცვლება - დეტალები>>
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები შეინარჩუნა.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
არჩევნები-2024
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0