თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება: საქართველო-საუდის არაბეთის ფორუმის მთავარი თემა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხი დღევანდელი ბიზნეს-ფორუმის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თბილისში ბიზნეს-ფორუმმა დაიწყო მუშაობა, რომელიც ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა გახსნა. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.
„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან... სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი. ახლა ეს არის აქტუალური საკითხი ორ ქვეყანას შორის და ეს საკითხი იქნება დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, საქართველომ და საუდის არაბეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხბებაზე მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყეს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.
მისი თქმით, არსებობს სპარსეთის ყურის საბჭო და, როგორც წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განიხილება ამ საბჭოს ფარგლებში და არა ინდივიდუალურად ცალკეულ ქვეყნებთან.
„თუმცა, მაინც არის გამონაკლისი. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, რომელიც ძალაში წელს შევა“, - განაცხადა მან.
საქართველოს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ–კონგთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ–ის ქვეყნებთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, სადაც ოთხი ქვეყანა შედის. გარდა ამისა, ქვეყანა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან, აშშ–თან და აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელთან.
ხარისხიანი ინვესტიციები
გარდა ამისა, როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მთავრობის მიზანია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალი ხარისხის პირდაპირი ინვესტიციები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ - შევძლოთ ხარისხობრივად გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორი საუდის არაბეთია, რომელიც სპარსეთის ყურეში ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყანაა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, გასულ წელს განხორციელდა საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი სპარსეთის ყურეში. მაღალი დონის შეხვედრებზე გადაწყდა ფორმალური ურთიერთობების დამყარება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის პლატფორმები.
„და ამიტომაც ჩვენ შევუდექით მუშაობას, საუდის არაბეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად 15 საბჭოს შექმენით, რათა შემდგომ განვავითაროთ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის”, - განაცხადა მინისტრმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტიციებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს გაცვლიან.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება ინტერაქტიული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ საქმიანი კავშირები და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0