საქართველო და არაბეთის გაერთიანებული საამიროები სავაჭრო კავშირების განვითარებაზე მსჯელობენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე
ლევან დავითაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
დუბაიში საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სტიმულირების შემდგომი ეტაპები განიხილეს.
თბილისის, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენლებთან ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზიოუდის და საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუის შეხვდა
დავითაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკური კავშირები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ძალიან მზარდია და აქტიურად ვითარდება.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 39%-ით არის გაზრდილი. ასევე მზარდი დინამიკაა ტურიზმის სექტორში - გასულ წელს საქართველოში საამიროებიდან 18,9%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
მან ასევე აღნიშნა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და მგზავრთნაკადის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, 2023 წელს პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 23,1%-ით გაზრდილია.
საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა და წელს შევა ძალაში.
შეთანხმების თანახმად, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით 10-მილიონიან, მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზართან წვდომას ნიშნავს.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სტიმულირების შემდგომი ეტაპები, თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო სექტორების კიდევ უფრო მეტად დაახლოება იმისთვის, რომ საამიროებიდან გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში.
გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ენერგეტიკის სფეროში ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შესაქმნელად.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივ პროეტზეც, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა" და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც განახორციელებს ქვეყანაში მზის უმსხვილეს ელექტროსადგურის პროექტს, ხელი 2023 წლის დეკემბერში მოეწერა.
მზის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ის შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს. ლევან დავითაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ 2015 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესი დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0