საქართველოში კიდევ რამდენიმე იუსტიციის სახლი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იუსტიციის სახლის 12 ახალი ფილიალი აშენდება, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლობჟანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2019 წელს გაიხსნა, დღეს კი ქვეყნის სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში 118 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. თბილისში სამი იუსტიციის სახლია - ცენტრალური და ორი ფილიალი გლდანისა და ვარკეთილის რაიონებში.
„უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს თბილისის გლდანის, საგარეჯოს, ხაშურის, სამტრედიის, ახმეტის, თერჯოლის, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლებისა და შროშის ფილიალების მშენებლობა“, - დაწერა ლონჟანიძემ.
მისი თქმით, წინა მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა მცხეთისა და ჭალის ფილიალების მშენებლობა, ხოლო ბათუმში მეორე ფილიალის მოწყობის სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
„ამ კვირის ბოლომდე, გამოცხადდება ტენდერი რუსთავის ფილიალის სივრცის სრულ განახლებაზე და ფაქტობრივად იქაც ახალ რეალობაში შეძლებენ ჩვენი მომხმარებლები სერვისის მიღებას, ხოლო თანამშრომლებს გაცილებით უფრო კომფორტული სამუშაო სივრცე ექნებათ“, - დაწერა ლობჟანიძემ.
ლობჟანიძის თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძლედება ყველა ამ ფილიალის გახსნა და სულ მალე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის სახლი.
„2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაში დაიხარჯა 110 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, დღეს, საქართველოს მოსახლეობას აქვს სახელმწიფო სერვისებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელმისაწვდომობა“, - დაწერა მან.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ქორწინების და განქორწინების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
იუსტიციის სახლი ასევე არის საქართველოს საპენსიო ფონდის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის და სხვა სამთავრობო დაწესებულებებების კონტრაქტორი, რაც ყველა საკითხის ერთ სივრცეში გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.
ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა >>
ნებისმიერი დოკუმენტის მიღება შესაძლებელია დაჩქარებული წესით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის, ვინც ვერ ახერხებს იუსტიციის სახლებამდე მისვლას, მოქმედებს ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები - ქვეყნის ათ რეგიონში სულ 20 „მობილური იუსტიციის სახლია".
ყველა ახალი ამბავი
0