ფიროსმანის ნამუშევრების საერთაშორისო ტურნე დასრულდა

© Ministry of Culture Sport and Youth of Georgiaფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა
ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
განახლებული ექსპოზიციის დათვალიერება ეროვნულ გალერეაში 13 თებერვლიდანაა შესაძლებელი
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თითქმის ერთი წლის შემდეგ, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების საერთაშორისო ტურნე დასრულდა, მხატვრის 50-მდე ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
2023-2024 წლებში ფიროსმანის ნამუშევრები საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხ საგამოფენო ცენტრში გამოიფინა. პირველი პერსონალური გამოფენა დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მხატვრის 50-მდე ნამუშევარი ოთხი თვის განმავლობაში 250 ათასმა დამთვალიერებელმა ნახა. ამის შემდეგ ექსპოზიციამ გადაინაცვლა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.
ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც - „ავანგარდი საქართველოში. 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“.
ამიერიდან მხატვრის ნამუშევრები კვლავ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. აღსანიშნავია, რომ განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებლის წინაშე მხატვრის 20-მდე ნამუშევარს წარადგენს, მათ შორის შედევრებს „მეთევზე წითელ პერანგში“, „ჟირაფი“, „მსახიობი მარგარიტა“ და სხვა.
განახლებული ექსპოზიციის დათვალიერებას გალერეის სტუმრები 13 თებერვლიდან შეძლებენ.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ყველა ახალი ამბავი
0