მაღალმთიან რეგიონში აეროპორტის ახალ ტერმინალს ააშენებენ

© photo: Sputnik / Stringerმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა
აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლის მანძილზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ამასთან, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოსადგენად 45-დღიანი ვადა ეძლევათ.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები 2023 წელს>>>
ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800-900 კვადრატულ მეტრს და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად 100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.
პროექტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.
მესტიის აეროპორტი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. აეროპორტის მშენებლობა 2010 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთძრავიან თვითმფრინავებს და 18 ადამიანის ტევადობის მცირე სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში კი აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.
მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტებს შორის არის დასახელებული. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მესტიის აეროპორტი მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში შეიტანეს და მას „პატარა ქართული სასწაული" უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0