ილია მეორე: ხალხის მეხსიერებაში სოსო ჯაჭვლიანი ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
მსახიობი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ცნობილ ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, ყოფილი დეპუტატისა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
65 წლის სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 8 თებერვალს გარდაიცვალა - იგი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
როგორც პატრიარქის წერილშია აღნიშნული, კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს.
„მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც, გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, - ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, - მოგმადლოთ მშვიდობა და ლოცვის ძალა”, - ნათქვამია წერილში.
დღეს სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, 1991 წელს კი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
სოსო ჯაჭვლიანი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვ. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.
სოსო ჯაჭვლიანი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი).
ყველა ახალი ამბავი
0