ჩვილის მუცელზე დაძინება არ შეიძლება! კომაროვსკი მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. სულ ცოტა, ერთ წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ-ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა:
„თქვენ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას არ აძლევთ. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“
ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკიმ მშობელს მისწერა:
„მე ასე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.
დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.
ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.
ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.
პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.
დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.
მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.
ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ“.
ყველა ახალი ამბავი
0