საეკლესიო კალენდარი: 11 თებერვალი

© photo: Sputnik / Stringerსამება
სამება - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2024
გამოწერა
11 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მოწამეთა: აშოტ დიდი კურაპალატის, რომანოზის, იაკობის, ფილოთეოზის, იპერიქის, აბიბოსი, ივლიანესი და სხვათა ხსენების დღეს და წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანებას.
წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული
აშოტ I დიდი , რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აშოტ კურაპალატი, იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა და რომელმაც ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.
აშოტ I დიდი, კურაპალატი იყო ტაო-კლარჯეთის ერისთავი (786 – 813); ქართლის ერისთავი (787 – 809); ჯავახეთის ერისმთავარი (807 – 826); ქართლის მეფე (809 – 813); ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი (813 – 826); ქართლის ერისმთავარი (813 – 826).
აშოტის ერისთავობის დროს აღმოსავლეთ საქართველო დაიქვემდებარა არაბთა სახალიფომ, ქართლის სატახტოში იჯდა თბილისის ამირა. არაბების წინააღმდეგ ბრძოლებში დამარცხებამ, აშოტი აიძულა დაეტოვებინა ქართლი, გადასახლებულიყო ოჯახით და მომხრეებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში – ტაო-კლარჯეთში. აშოტმა აღადგინა ქალაქი არტანუჯი და გახადა მის რეზიდენციად.
ისტორიული ცნობების თანახმად, ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.
826 წელს შეკრიბა აშოტმა ჯარი და არაბების წინააღმდეგ დაძრა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ მოღალატეები, რომლებმაც სცადეს მოეკლათ აშოტი. მან გადაწყვიტა თავი შეეფარებინა მონასტრისთვის დოლისყანის დასახლებაში. იგი იმედოვნებდა, რომ მას იქ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა შეთქმულები შეიჭრნენ ტაძარში და მოკლეს აშოტი.
„დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.
ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.
ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.
წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.
მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბო, იულიანე, პალიგორი
წმიდა მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი ქალაქ სამოსატში (სირია) ეწამნენ 297 წელს, დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას. მათ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმეს.
მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი
წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. ისინი ჯერ სასტიკად დატანჯეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუსიეს დასაგლეჯად. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად-იღო თავის რჩეულთა ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები.
ღირსი აფრაატი
ღირსი აფრაატი წარმოშობით სპარსი იყო. მას შემდეგ, რაც ირწმუნა ქრისტე, იგი განეშორა უსჯულო თანამემამულეებს და ჯერ ედესას მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიას. აქ იგი თავისი წმიდა ცხოვრებით მრავალ ადამიანს იზიდავდა და ღვთის სიტყვას უქადაგებდა. წმიდანი 370 წელს მიიცვალა.
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება
მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი ეგნატე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ბრძანებით მხეცებს დააგლეჯინეს, 107 წელს ქრისტიანებმა შეკრიბეს მისი ძვლები და რომში დაკრძალეს. 108 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები ანტიოქიის გარეუბანში გადაასვენეს. მათი მეორე გადასვენება თვით ქალაქ ანტიოქიაში მოხდა 438 წელს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, 540 წელს (სხვა ცნობით, 638 წელს), მღვდელმთავრის ნეშტი რომში დააბრუნეს და წმიდა პაპ კლიმენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0