საეკლესიო კალენდარი: 10 თებერვალი

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 თებერვალს ღირსი ეფრემ ასურის, ღირსი პალადი მეუდაბნოის და ღირსის ისააკ ასურის, ნინევიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ეფრემ ასური
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი .მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.
363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოღვაწეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს.
ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.
წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
ანანურის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
საეკლესიო კალენდარი: 9 თებერვალი
ღირსი პალადი მეუდაბნოე
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის მან უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ ღირსი მამა მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი იპოვეს და მის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ მეუდაბნოის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. წმიდანი IV საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.
ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი
ღირსი ისააკ ასური, ნინეველი ეპისკოპოსი VII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ძმასთან ერთად მარის წმიდა მათეს სახელობის მონასტერში დაემკვიდრა. ღრმა განსწავლულობისა და მაღალი სულიერებისათვის მას მონასტრის წინამძღვრობას სთავაზობდნენ, მაგრამ მდუმარებისაკენ მოდრეკილმა ღირსმა ისააკმა საერთოდ დატოვა სავანე და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ძმა ევედრებოდა მას, მობრუნებულიყო უკანვე. ღირსი მამა კი უარზე იდგა, მაგრამ როცა მისი წმიდა ცხოვრების ამბავი გახმაურდა, იძულებული გახდა, ნინევიის ეპოსკოპოსობაზეც დათანხმებულიყო. ქალაქის მცხოვრებლები უხეში ზნით გამოირჩეოდნენ და ქრისტიანული სწავლების მარცვლებს იწყნარებდნენ. მღვდელმთავარი გრძნობდა, რომ არ შესწევდა მათი გამოსწორების ძალა, თან განდეგილური ცხოვრების სიამტკბილობაც ახსენებდა თავს. ეს ყველაფერი სულს უმძიმებდა მოსაგრეს, ამიტომაც დატოვა კათედრა და სკიტის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც აღესრულა კიდეც ღვთივსათნო ღვაწლში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0