საჰაერო ბურთის ჩამოვარდნა ასურეთში - საქმეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი - ოპერატორი და ორი პილოტი
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ასურეთთან (ქვემო ქართლის რეგიონი) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო, რომლის შედეგადაც საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა და სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საჰაერო ბურთი ოთხშაბათს, 7 თებერვალს ფოთის ცენტრალური სტადიონიდან აფრინდა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით მიემართებოდა. ორი მფრინავი, რევაზ უთურგაური და კშიშტოფ ზაპარტი მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელ ფრენას ახორციელებდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშა ბიძინაშვილი.
სააგენტოს ინფორმაციით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ფრენას დადგენილი მარშრუტით ასრულებდა, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში.
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნა ასურეთში - გაირკვა დაღუპულთა ვინაობა>>>
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).
ტრაგედიის მომენტში აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოკვლევის ამ ეტაპზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, განაცხადეს სააგენტოში.
მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
გარდაცვლილი რევაზ უთურგაური იყო კომპანია Sky Travel-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოში ჰაერნაოსნობის პირველი პილოტი და საქართველოს ჰაერნაოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა)დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0