სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ქვეყნის პირველი პირები უსამძიმრებენ

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსტიქია იმერეთში
სტიქია იმერეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
იმერეთში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ორი ადამიანი დაიღუპა მაღალმთიან აჭარაში ჩამოწლილი ზვავისა და მეწყერის შედეგად.
თბილისი, 7 თებერვალი– Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩამოწვა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. აქედან სამ სახლში ადამიანები ცხოვრობდნენ, ხოლო ერთი ცარიელი იყო. სტიქიას გადურჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა მალევე ამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე ეძებენ ხუთ ადამიანს.
„ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – დაწერა ზურაბიშვიოლმა სოციალურ ქსელში.
იმერეთსა და აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის. ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“,- დაწერა პაპუაშვილმა სოცლიალურ ქსელში.
სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა….მსხვერპლი მოჰყვა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას -მეწყერის შედეგად გარდაიცვალა შსს-ს თანამშრომელი თემურ ბარამიძე. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გუშინ, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა - მეზობლებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს, ქალი გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. სინოპტიკოსები 8 თებერვლამდე ძლიერ ნალექს, ქარს, თოვლს, ღვარცოფს, ზღვაზე შტორმს, მთიან რაიონებში ქარბუქს და ლიპყინულს პროგნოზირებენ. 8 თებერვლიდან კი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი მატება და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0