დაწესებული შეზღუდვის საათებში თავი შეიკავეთ გადაადგილებისგან: კალაძე სატვირთოების მძღოლებს
© Tbilisi City Hallკახა კალაძე

© Tbilisi City Hall
გამოწერა
აკრძალულ ზონაში შეზღუდვის საათებში დიდგაბარიტიანი სატვირთოების გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. თბილისი მერმა კახა კალაძემ იმ პირებს, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებს მართავენ, დაწესებული შეზღუდვის საათებში ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
2023 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს სამი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, ითვალისწინებს სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვას.
კერძოდ, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება 08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში.
„ვინც დაარღვევს აღნიშნულ კანონს, 1 ათასი ლარით ჯარიმდება. ჩვენ არავის დაჯარიმება არ გვიხარია. მთავარია, დაიცვათ წესი და ამ კონკრეტულ არეალებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის, 37 ათასზე მეტი დიდი გაბარიტების ავტომობილი, რაც „საცობებისა" და ავარიების რისკს ქმნის, განსაკუთრებით პიკის საათების დროს.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, სატვირთოების მოძრაობა იკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს-კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში.
„არსებობს არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და ასევე დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის - ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე, ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში 3,5 ტონაზე მეტი წონის სატვირთო ავტომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2024 წლის 1–ელი იანვრიდან 10–ჯერ გაიზარდა და 1 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 3 ათასი ლარს შეადგენს.
რა სახის ტრანსპორტზე ვრცელდება ახალი წესები
08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში შეზღუდვა მოქმედებს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის.
კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.
კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.
შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, („სასწრაფო დახმარების", სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე.
გამონაკლისი ასევე დაიშვება ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტსა და სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ლ სექტემბრამდე.