მძღოლების საყურადღებოდ! გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

© photo: Sputnikთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-193 (ჯვარი-ლასდილი) კილომეტრ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 22-80 (დოლოგანი-ხულო) კილომეტრ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 44-46 (ნაქერალას უღელტეხილი) კილომეტრ მონაკვეთზე, ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 30-35 კილომეტრ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-კ47 (აიაზმა-ნინოწმინდა)კილომეტრ მონაკვეთზე მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) კილომეტრ მონაკვეთზე.
ხოლო, ახალციხე-ნინოწმინდის გზის 28-90 (იდუმალა-ნინოწმინდა) კილომეტრ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-60 (ვერონა-შუამთა) კილომეტრ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0