ბრეგაძე: ლამინირებული პირადობის მოწმობები ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლდება

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში პირადობის არაელექტრონული მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლდება, განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ყველა მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ახალი ტიპის პირადობის მოწმობების (ID ბარათი) გაცემის დაწყებამდე, ანუ 2011 წლის 28 ივლისამდე, 2024 წლის 1–ლი ივლისიდან გაუქმდება.
„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას", - განაცხადა ბრეგაძემ.
2023 წლის 16 ნოემბრის ბოლო მონაცემებით, ძველი ტიპის პირადობის მოწმობა აქვს 217.766 მოქალაქეს, ამავე დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტი აქვს.
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყვის ID-ბარათზე, წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილებას ადასტურებს.
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.
ყველა ახალი ამბავი
0