ექიმების დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რჩება დეპრესია

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, პერიოდულად ამოწმებს პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას პაციენტის კუნთების ჰიპოტროფიის და დეპრესიის გამო, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა, კერძოდ, წონის მატება, ნათქვამია სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნაში.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად 25 იანვარს კლინიკაში „ვივამედში“ მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა. ჯგუფის წევრებმა გასინჯეს პაციენტი, გაეცნენ სამედიცინო ისტორიას და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.
„ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია... შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა", - ნათქვამია ექიმების დასკვნაში.
ბოლო პერიოდში სააკაშვილის წონა 77 კგ-მდე გაიზარდა, მაშინ როცა, გასული წლის მარტში ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ წონის კრიტიკულ ნიშნულამდე 58 კგ-მდე კლებაზე განაცხადა.
კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ სააკაშვილი წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება მრავალფუნქციურ კლინიკაში.
სამედიცინო ისტორიაში ექიმებმა აღნიშნეს საერთო სისუსტე, წონასწორობის დაკარგვა, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, კუნთების ტონუსის დაქვეითება, უძალობა, ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა და მეხსიერების დაქვეითება.
კონსილიუმის წევრთა აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმ გიორგი კაჭარავამ.
სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ნაადრევია - ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის ექიმები>>>
ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ-განხილვაში კი მონაწილეობდნენ: კარდიოლოგ/არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა და ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმი 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიქმნა და მასში შედიან მედიცინის სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. კონსილიუმის ექიმები პერიოდულად სინჯავენ სააკაშვილს და საზოგადოებას აწვდიან თავისი დამოუკიდებელ დასკვნას ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან>>>
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0