„ქოლ-ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2024
გამოწერა
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს დაკავებულ 7 პირს საგამოძიებო უწყება თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას ედავება.
უწყების ცნობით, 2023 წლის ივლისსა და მიმდინარე წლის თებერვალში შვეიცარიულ მხარესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა ტრანსნაციონალური თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ.
ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდეგ კი დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით ითვისებდნენ და ათეთრებდნენ.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.
გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა დაედო. აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ანალოგიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ 2021-2024 წლების პერიოდში დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით.
ქოლ-ცენტრების" საქმე
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, დავით კეზერაშვილი დგას.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა
ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0