სკანდალური გამოსახლება თბილისში: აქტივისტები გირაოთი გაატავისუფლეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2024
გამოწერა
სასამართლომ აქტვისიტები გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას 3 000-3 000-ლარის გადახდა დააკისრა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს აღსრულების ბიუროს ავტომობილის დაზიანებისთვის დაკავებული სამოქალაქო აქტვისიტები გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება „პირველი არხი“.
სასამართლომ თითოეულს 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.
გირაოს შუამდგომლობა სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებამ შეიტანა.
პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულების მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ბრალდებულებმა მიყენებული ზარალი აანაზღაურეს, აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 პირი დააკავეს - 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2 თებერვალს აქტივისტები პატიმრობაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა,
რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მზადაა იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თუ აღნიშნული პირები აღიარებენ დანაშაულს და აანაზღაურებენ ზარალს. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3.380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ხმაურიან საქმეში, როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია. ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატის თქმით, მან ხატიაშვილების ოჯახს 90 ათასი დოლარის გადახდა და სახლის დაბრუნება შესთავაზა. ამასთან, დვალი ბინაში მფლობელის უფლებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ხელშეკრულებას ორივე მხარემ მოაწერა ხელი, განაცხადა ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0