ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

© unsplash/yuri-shirota-ბავშვი და სათამაშოები
ბავშვი და სათამაშოები - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. იმისათვის, რომ ბავშვის სწორ და მრავალმხრივ განვითარებას შეუწყოს ხელი, მშობელმა ჩვილობის ასაკიდან უნდა შეურჩიოს მას „სწორი“ სათამაშო, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, სათამაშო უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებაზე.
როგორც ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) ერთ-ერთ ანგარიშშია ნათქვამი, ზოგ მშობელს მიაჩნია, რომ ძვირადღირებული ელექტრონული სათამაშოები - მაგალითად, სენსორულ-მასტიმულირებელი ხმოვანი და მანათობელი სათამაშოები - აუცილებელია ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის. მაგრამ ეს სამწუხარო შეცდომაა, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.
თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოს შეძენას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტების შემდეგი რეკომენდაციები.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო უნდა იყოს:

სერტიფიცირებული და ასაკისთვის შესაბამისი;
მარტივი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული;
მსუბუქი, გლუვი, უსუნო და ადვილად უნდა ირეცხებოდეს;
არ უნდა ჰქონდეს პატარა და წვეტიანი დეტალები;
დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ ბავშვმა მისი წვრილ ფრაგმენტებად დამსხვრევა ვერ შეძლოს;
უნდა იყოს ნათელი და მკვეთრი ფერისა (წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე) და ამასთან სადა, ანუ არა კოპლებიანი, კუბოკრული თუ ზოლებიანი;
უნდა იყოს სხვადასხვა ფაქტურისა: რბილი, მაგარი, პრიალა, ხაოიანი, ხის, რეზინის, ქაღალდის, ლითონის.

დაიმახსოვრეთ! სათამაშო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფლუორესცენტული ფოსფორისფერი, ვარდისფერი ან სხვა „შხამიანი“ ფერისა.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ რბილი სათამაშოები ძირითადადა შევსებულია სინტიფონითა თუ ნაჭრების ნაკუწებით, ტაქტილურ შეგრძნებებს კი სხვა სახის შემავსებლები ზრდის: პლასმასის გრანულები, გამხმარი ბალახი და ყვავილები, ქვიშა, მარცვლეული.

გახსოვდეთ: რაც მეტი ფუნქცია აქვს სათამაშოს, მით პასიური იქნება ბავშვი!

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, თუ კონკრეტულად რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს. თუმცა არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, რაც უფრო ცოტა სათამაშო აქვს ბავშვს, მით დიდხანს და კრეატიულად იყენებს მათ.
სათამაშოების რაოდენობის კლასიკური ფორმულაა „ხუთს პლიუს-მინუს ორი“. საუბარია აქტიურ სათამაშოებზე, რომლებიც გამუდმებით გვერდით აქვს პატარას.
თუ დროთა განმავლობაში ბავშვს ბევრი სათამაშო დაუგროვდა, გირჩევთ, რომ ისინი მუდმივად ბავშვის თვალწინ არ გქონდეთ გამოფენილი. შეინახეთ ისინი ყუთებში, გაუკეთეთ წარწერები და პერიოდულად ცვალეთ — მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

დაიმახსოვრეთ! თავი შეიკავეთ დიდი ზომის რბილი სათამაშოებისგან, რადგან ისინი ბევრ მტვერს ისრუტავს და ძნელად ირეცხება.

ყველა ახალი ამბავი
0