რატომ არის განსაკუთრებული კობახიძის პრემიერად არჩევა – პაპუაშვილის პასუხი

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
ახალი პრემიერის კანდიდატურას ოფიციალურად 1–ელ თებერვალს წარადგენენ.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. დეპუტატის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის პრემიერ–მინისტრის პოსტზე არჩევა ქვეყანაში მმართველობის საპარლამენტო ფორმის შემოღებიდან პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მთავრობას დეპუტატებიდან აირჩევენ, განაცხადა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. ახალი პრემიერის სახით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განიხილება. ახალი პრემიერის კანდიდატურას 1–ელ თებერვალს წარადგენს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადავედით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირჩევა პარლამენტის წიაღიდან, რაც დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს კარგი გამოცდილება იქნება საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც.
„დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ოპოზიციისთვისაც იქნება ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილება, რომ მათი ყოფილი კოლეგა იქნება მთავრობის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სხვა დინამიკას შემოიტანს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნების" ლიდერები უკვე ღიად ადასტურებენ, რომ მომავალი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო ახალი კონსტიტუციის პროექტი. საპარლამენტო მოდელზე გადასვლის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, ამით დამთავრდა.
ყველა ახალი ამბავი
0