პარლამენტი ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ შეხვედრას დაესწრებიან და მმართველი გუნდისგან სამომავლო გეგმების გაცნობას ელოდებიან.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ და ვიმოქმედებთ იმ გრაფიკით, თემებითა და ნაბიჯებით, რაც იქ არის გაწერილი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“.
„ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება. დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები.
„ლელოს“ მზად აქვს გეგმა, თუ როგორ უნაკლოდ განვახორციელებთ ევროპული რეკომენდაციების ცხრა პუნქტს ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში... ამ გეგმას გამოვაქვეყნებთ და ჟურნალისტებს ხვალ 15:00 საათზე წარვუდგენთ“, - განუცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა გამოაქვეყნა>>>
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ახალი პირობების განხორციელების განხილვაში.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციასთან დიალოგს უაზროდ მიიჩნევს. „ოცნებაში“ განაცხადეს, რომ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია მუშაობდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, იგივე ოპოზიციური პარტიები მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ.
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებია:
ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება;
შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომიგაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით;
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა;
დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება;
ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.
ყველა ახალი ამბავი
0