კალაძე: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირი
წერეთლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
როგორც მერიაში განმარტეს, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. წერეთლის გამზირზე საგზაო ნაწილის სარემონტო სამუშაოები იანვრის ბოლოსთვის დასრულებული იქნება და ავტომობილების გადაადგილება შეუზღუდავად, ორმხრივად იქნება შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
„დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგეს", - განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, ამჟამად გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება. ტროტუარებზე უკვე მოწყობილია მიწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც ელექტროსადენები განთავსდება.
„პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, გაჩერებების კუნძულების მოპირკეთება. ამის შემდეგ გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება", - განაცხადა კალაძემ.
17 იანვრიდან გამზირს ოთხი კომპანია არემონტებს: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლოს იყო დაგეგმილი.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0