საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerწმინდა ნინოს ხატი
წმინდა ნინოს ხატი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.
ის, რაც წყაროებმა შემოგვინახეს წმინდანის შესახებ
წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.
მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და ბერად აღკვეცილიყო, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან.
პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.
© photo: Sputnik / Stringerღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები
ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები
ღვთისმშობლის გამოცხადება და წარგზავნა საქართველოში
გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ერთ დღეს, ლოცვის დროს წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ნინომ ღვთისმშობელს უთხრა, რომ პატარა და უსწავლელი ადამიანი ამ დიდ საქმეს ვერ შეძლებდა, მაგრამ ღვთისმშობელმა მისცა ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა.
ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია.
ნინომ ბიძამისს — პატრიარქ იუბენალს უამბო ამ ხილვის შესახებ, ბიძამაც დალოცა და აკურთხა იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ღვთისმშობელმა მარიამმა დააკისრა მას.
გზა საქართველოსკენ
ამის შემდეგ წმინდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალთან ერთად ქრისტიანობის საქადაგებლად მიდის ეფესოში, სადაც მან ორი წელი გაატარა.
შემდეგ ეფესოდან სომხეთისკენ გამოემართა წმინდანი, მის მიერვე ქრისტიანად მოქცეულ წარჩინებულ რიფსიმესთან და მის აღმზრდელ გაიანესთან ერთად, რომელნიც მოგვიანებით სომხეთის წარმართმა მეფემ ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა.
წმინდა ნინო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა.
© Sputnik / Alexander Imedashviliწმინდა ნინოს ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში
წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში
შემოსვლა საქართველოში
საქართველოს მიწაზე ფეხი წმინდა ნინომ 319 წელს დადგა. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.
მცხეთაში წმინდა ნინო მაშინ მოვიდა, როდესაც ხალხი წარმართ მეფესთან ერთად მცხეთასთან ახლოს მდებარე მთაზე კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად მიდიოდა. გადმოცემის თანახმად, მთავარი კერპი არმაზი იყო და მას გვერდებზე ორი შედარებით პატარა კერპის ქანდაკება ჰქონდა მიდგმული — გაც და გაი.
როდესაც წმინდანს დაუნახავს ამდენი ხალხი როგორ ემორჩილებოდა უსულო, წარმართულ ღმერთებს, თვალცრემლიანს ლოცვა დაუწყია უფლის წინაშე. წმინდანის ლოცვით ცა მოქუფრულა, საშინელი წვიმა და სეტყვა წამოსულა და სრულად დამსხვრეულა წარმართული კერპები.
წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. წმინდანის შესახებ ბევრმა გაიგო.
ერთხელ დედოფალი ნანა მძიმედ ავად გახდა და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით გახდა შესაძლებელი მისი განკურნება. ნანა დედოფალმა მალევე ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, მაგრამ მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.
ქართლის მოქცევა
ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა ვეზირებთან ერთად (გადმოცემის მიხედვით, მეფე ნადირობდა სოფელ აღაიანის მიდამოებში). უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა.
გახარებული მეფე მირიანი დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში და ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
© photo: Sputnikწმინდა ნინოს საფლავი ბოდბის მონასტერში
წმინდა ნინოს საფლავი ბოდბის მონასტერში - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
წმინდა ნინოს საფლავი ბოდბის მონასტერში
დღესასწაულის ტრადიცია
წმიდა ნინოს ღვაწლი ქართველი ერის წინაშე ფასდაუდებელია, ამიტომაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად შეიყვარა ერმა განმანათლებელი.
საქართველოში „ნინოობა“ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.
წმინდა ნინოს არ აუშენებია დიდებული ტაძრები და მონასტრები, წმინდა ნინომ ქართველი კაცის მორწმუნე სულს ჩაუყარა მტკიცე საძირკველი, რომელზეც შემდგომში დიდი რწმენა დაეშენა. უამრავი გაჭირვების მიუხედავად ქართველ ერს არასოდეს უღალატია ჭეშმარიტი ღმერთისთვის, იმ ღმერთისთვის, რომელიც წმინდა ნინომ უქადაგა, გააცნო, შეაყვარა და შეასისხლხორცა.
ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ჯვარს სასულიერო პირები გამოაბრძანებენ ხოლმე და მორწმუნე მრევლს ეძლევა საშუალება, წმინდა ჯვარს ემთხვიოს და პატივი მიაგოს.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა.
ქართველთა განმანათლებლის სახელი — ნინო დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს ქართველ ერში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გოგონათა სახელებს შორის რაოდენობით სახელი ნინო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0