როდის დაიწყება სამგზავრო საბორნე მიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის - დეტალები

© E60 Shipping Lineბორანი Vilnius
ბორანი  Vilnius - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
გასული წლის შემოდგომიდან ბორნით სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვა 100%-იანი დატვირთვით ხორციელდება, განაცხადა კომპანიის დირექტორმა
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთის პორტიდან რუმინულ კონსტანცაში მგზავრების ბორნით გადაყვანა 2024 წლის გაზაფხულზე შეიძლება დაიწყოს, განაცხადა ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანიის (ITMC) დირექტორმა ნათია გოზალიშვილმა.
იმის შესახებ, რომ ორ ქალაქს საბორნე მიმოსვლა დააკავშირებს, 2022 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. რეგულარული საბორნე მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ნაწილია.
„მგზავრების გადაყვანა შეგვიძლია, თუმცა სწორედ ეს რჩება კონსტანცაში ერთ-ერთ გამოწვევად, რადგან იქ მოსაწყობია სპეციალური ზონა, ე.წ პასპორტკონტროლის ზონა, რომ შესაბამისი პროცედურების სათანადოდ გავლა მოხდეს. ვფიქრობთ, გაზაფხულისთვის უკვე შეგვეძლება, მგზავრების გადაყვანაც დავიწყოთ. სეზონიც ისეთი ემთხვევა, რომ მოთხოვნაც უფრო მეტად იზრდება და ამ მოთხოვნას მომზადებულები შევხვდებით“, - განაცხადა გოზალიშვილმა მედიაპლატფორმა BMG-დ ეთერში.
მისი თქმით, სამგზავრო გადაყვანის ღირებულება დაახლოებით 200-დან 400 ევრომდე იქნება, თუმცა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში ფასის გადახედვაც შეიძლება მოხდეს.
გასული წლის შემოდგომიდან ბორნით სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვა ხორციელდება. როგორც გადამზიდავი კომპანიის დირექტორმა განაცხადა, ბორანი 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.
„პროექტმა გაამართლა და ამ ეტაპზე საბორნე მიმოსვლა, როგორც ფოთიდან ისე კონსტანციდან 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ რეგულარულია ეს რეისები, ყოველ კვირას აკეთებს ბრუნს ბორანი ფოთიდან და კონსტანციდან. სრული დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, დღის წესრიგში კიდევ ერთი გემის დაყენების საკითხი დგას.
ფოთი–კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა საქართველოსა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა დერეფნის არსებობისა და განვითარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0