სიმართლე სხვაგვარია, ანუ ქართულ მეხსიერებაში გამჯდარი მცდარი წარმოდგენები

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
ქართველებში ღრმადაა გამჯდარი რამდენიმე მცდარი წარმოდგენა ისტორიული მოვლენებისა თუ პირების შესახებ.
ამის მაგალითია მოსაზრება, თითქოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი ხალხს სიცოცხლეშივე ჰყავდა გაღმერთებული.
სინამდვილეში მისი ეშინოდათ, რიდიც ჰქონდათ, მაგრამ არ უყვარდათ. ხალხის სიყვარული რამდენიმე საუკუნის შემდეგ მოვიდა, როდესაც მონღოლების ბატონობისგან წელგაწყვეტილმა ქართველობამ დავითის ამაგი დააფასა და მას აღმაშენებელი უწოდა. სიცოცხლეში კი, თუ მემატიანეს დავესესხებით, მას უამრავი „მაბრალობელი“ ჰყავდა.
დავითმა ცეცხლითა და მახვილით გადაურა კახეთ-ჰერეთს და მისი არისტოკრატია ერწუხში ამოჟლიტა. თბილისის აღების დროს კი 500-მდე ურჩი თბილისელი ძელზე გასვა და წამებით ამოხადა სული.
დავითი დაუნდობელი იყო ლოთი, დეზერტირი და მშიშარა მეომრების მიმართ. ბრძოლის ველიდან გაქცეულებს ქალის ტანისამოსში გამოაწყობინებდა, ჯორზე უკუღმა შეასმევინებდა და ასე ჩამოატარებდა თანამებრძოლთა წინაშე. დიდგორის ომის დროს კი უკან დასახევი ერთადერთი გზა ჩახერგა, რომ გაქცევაზე არავის ეფიქრა.
დიდებული მეფე ღვთისმსახურთა გარკვეულ ნაწილსაც არ უყვარდა. რუის-ურბნისის კრებაზე მეფემ უღირსთაგან გაწმინდა ეკლესია. ყველაზე გახრწნილებს კი ქუსლები დააჭრა, რათა დარჩენილი ცხოვრება გველებივით მუცლით ეხოხათ.
და განა გასაკვირია, რომ მისი დაუნდობლობით დაზაფრულ თანამედროვეობას მომავალი თაობების სათაყვანო მეფე არ ჰყვარებოდა?!
ასევე მცდარია იმის უპირობოდ მტკიცება, თითქოს მეფე გიორგი IV ლაშას მონღოლებთან ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობები გაეხსნა და ამით გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, ლაშა-გიორგი ან მოწამლეს, ან ისეთ საჩოთირო სიტუაციაში მოკლეს, რომ იძულებული გახდნენ,მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დაემალათ.
ლაშა-გიორგი დუქნების ხშირი სტუმარი და ღვინის დიდი მოყვარულიც გახლდათ. მოჩხუბარიც იყო. ერთ-ერთი ჩხუბის დროს მეგობარმა რინდებმა თვალიც კი წამოუგდეს. ვინ იცის, იქნებ დუქნებში გამართულ მორიგ აყალმაყალსაც კი შეეწირა 30 წლის ცხელსისხლიანი ხელისუფალი?
კრიტიკას ვერ უძლებს ვახტანგ გორგასლის მოკვდინების ვერსიაც, თითქოს მეფეს მოღალატის ისარი დამიზნებით მოხვდა იღლიაში, სადაც ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მეფე იბრძვის გარღვეული ჯაჭვის პერანგით, მას თან ახლავს სპარსი მონა, რომელმაც ეს ამბავი იცის და რომელიც შემდგომში ირანის შაჰის ბანაკში გადადის, ანუ გორგასლის მტერი ხდება. გადის წლები, საქართველოს კავად შაჰის ურდოები ესხმიან თავს და შუაგულ ბრძოლაში ვახტანგ მეფეს სასიკვდილოდ სწორედ მისი მონაყოფილი ჭრის იღლიაში, სადაც მას ოდესღაც ჯაჭვის პერანგი ჰქონდა გარღვეული, რაც კარგად ახსოვდა მკვლელს.
რას იტყვით, განა, სარწმუნო ვერსიაა?
გორგასალი რომ ღარიბი მეფე არ ყოფილა, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მან დაახლოებით ორმოცამდე ქალაქი ან დააარსა, ან ხელახლა ააშენა (თბილისი, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი, უჯარმა, წუნდა და მრავალი სხვა). აშკარაა, რომ ამ დიდ აღმშენებლობით საქმიანობას უფულო მეფე ვერ წამოიწყებდა. შესაბამისად, გორგასალს იმის საშუალებაც ექნებოდა, რომ „დახეული“ პერანგით არ ევლო.
მით უმეტეს, რომ არათუ მეფეს, არამედ მის მრავალრიცხოვან მხედრობასაც კი შეჯავნული ცხენები ჰყავდათ და ვახტანგის თვალჩარღვეული ჯაჭვით ბრძოლის ველზე გასვლა, ვფიქრობ, საღ აზრს მოკლებულია.
სავარაუდოდ, მოწამლული ისარი ისე ახლოდან და ისეთი ძალით იყო ნასროლი, რომ ჯაჭვის პერანგმაც კი ვერ დაიცვა მირონცხებული მეფე.
მცდარია ის მოსაზრებაც, თითქოს მეფე გიორგი XII, „ზაქიჭამიად“ წოდებული, ერთ სადილზე მთლიან ზაქს ავლებდა მუსრს.
გიორგის ზაქის ხორცი ნამდვილად უყვარდა და პირველ კერძად სწორედ მას მიართმევდნენ ხოლმე, მაგრამ მთლიანი ზაქი ერთ ჭამაზე ნამდვილად გადაჭარბებულია.
მართალია, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან გასუქდა, მაგრამ ეს უზომო ჭამით არ იყო გამოწვეული.
უფლისწული გიორგი 40 წლამდე შესანიშნავი აღნაგობისა და მკვირცხლი ადამიანი გახლდათ. მისი დასნეულება და გასუქება საეჭვოდ დაემთხვა ექიმისა და უცხოეთის აგენტის, წარმოშობით გერმანელი იაკობ რეინეგსის ქართლ-კახეთში მოღვაწეობას. რეინეგსი სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო და გიორგი ბრმად ენდობოდა მას.
არსებობს ვერსიები, რომ გიორგი მეთორმეტის დასნეულებაში მას ლომის წილი უდევს. თუმცა სასახლის ინტრიგები რიგითი ადამიანებისთვის უხილავი გახლდათ და მათთვის გიორგი „ზაქის მმუსვრელ“ მეფედ დარჩა.
ახლა, რაც შეეხება გიორგი სააკაძის ხმლის წონას. გავრცელებული მოსაზრება, რომ დიდი მოურავის ხმალი 32, 20 ან, თუნდაც, 12 კილოგრამს იწონიდა და მას რამდენიმე კაციც ვერ სწევდა, ნამდვილად გადაჭარბებულია.
გიორგი სააკაძე, მართალია, დიდი ძალის პატრონი იყო, მაგრამ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ოსმალური და სპარსული არმიები იმ დროისათვის საუკეთესო ქვემეხებით, დამბაჩებითა თუ თოფებით იყვნენ შეიარაღებული, ბრძოლის დროს ესოდენ მძიმე ხმლის ქნევა დიდი ვერაფერი ბედენა იყო.
ცეცხლსასროლი იარაღის არსებობამ აზრი დაუკარგა მძიმედ აღჭურვილი მეომრების ყოლას. პირიქით, რაც უფრო მსუბუქად იყო აღკაზმული მეომარი, მით უფრო მეტი მანევრირების საშუალება ეძლეოდა და, შესაბამისად, მეტი იყო შანსი იმისა, რომ სისწრაფითა და მოხერხებულობით დაემარცხებინა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი მტერი...
ყველა ახალი ამბავი
0