იტალიის სუპერთასი: „ნაპოლი" „ინტერთან" დამარცხდა

© Courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
„ინტერი“ იტალიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა - „ნაპოლიმ" კი იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში მილანის „ინტერთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ტურნირი ე.წ. ესპანური ფორმატით (ოთხი გუნდი, ნახევარფინალები და ფინალი) პირველად ჩატარდა. „ნაპოლიმ“ ნახევარფინალში „ფიორენტინა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო „ინტერმა“ ასეთივე ანგარიშით „ლაციოს“ სძლია.
ფინალი, ისევე როგორც წინა მატჩები, საუდის არაბეთში, ერ-რიადის „ალ-ავალ პარკზე“ გაიმართა. კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველები ყურადღებით თამაშობდნენ, ამის მიუხედავად, ქართველმა ფეხბურთელმა ორჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ უშედეგოდ.
მატჩის მეორე ნახევარში პირველი რეალური საგოლე მომენტი „ნაპოლიმ“ 51-ე წუთზე შექმნა – კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ცენტრიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „ინტერის“ მეკარე იან ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და მილანელები გადაარჩინა.
მე-60 წუთზე „ნაპოლის“ მდგომარეობა დამძიმდა – მეტოქესთან უხეშობისთვის ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 მოთამაშით დატოვა, 70-ე წუთზე კი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.
მატჩის ბოლოს ერთადერთი გოლი არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რისი წყალობითაც „ინტერი“ იტალიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. მაშინ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ნეაპოლური გუნდი „იუვენტუსზე" ძლიერი აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0