კალაძე: კომპანიები R.T.D. და Millennium Builders Group „შავ სიაში" მოხვდებიან

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
როგორც მერიაში განმარტეს, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია იზრუნებს იმაზე, რომ კონტრაქტორი კომპანიები R.T.D. და Millennium Builders Group, რომლებიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
„ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორი-კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა მომავალში იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება", - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, მერიამ გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორ-კომპანიებს ვადები რამდენჯერმე გაუხანგრძლივა, თუმცა, „მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში გამოიკვეთა“.
„გულწრფელად ვამბობ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს შევალიე. ისე დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, ვარჯიშზე ერთხელ არ დამიგვიანია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში.
17 იანვარს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სარემონტოსამუშაოების შესრულების მიზნით ოთხ კომპანიასთან - „ენკო“, პარმა“, „ჯეო გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ ხელშეკრულება გააფორმა.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0